14.05.2024 | 00:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"The New York Times-ი" - "რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების სტიმული აქვთ. აშშ-ს სხვა გეგმები აქვს" –

გამოცემა "The New York Times-ი" აქვეყნებს სტატიას, სათაურით – "რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების სტიმული აქვთ. აშშ-ს სხვა გეგმები აქვს".
როგორც სტატიის ავტორი – კრისტოფერ კოლდუელი წერს, "აშშ-ის ბოლოდროინდელი დაპირება უკრაინაში M1 Abrams-ის ტანკების გაგზავნის შესახებ სწრაფი პასუხი იყო სერიოზულ პრობლემაზე – პრობლემა ის არის, რომ უკრაინა ომს აგებს".

კოლდუელი აცხადებს, რომ უკრაინა ომს აგებს არა იმიტომ, რომ მისი ჯარისკაცები ცუდად იბრძვიან ან სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ, არამედ იმიტომ, რომ ომი გადაიზარდა პირველი მსოფლიო ომის სტილის გამოფიტვის ბრძოლაში.

"ასეთ ომებს, როგორც წესი, იგებს ის მხარე, რომელსაც დემოგრაფიული და ინდუსტრიული რესურსები დიდხანს გაძლების საშუალებას აძლევს. რუსეთის მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობას სამჯერ აღემატება. რუსეთს ხელუხლებელი ეკონომიკა და სამხედრო ტექნოლოგია აქვს. ამავე დროს, რუსეთს საკუთარი პრობლემებიც აქვს. ბოლო დრომდე ჯარისკაცების დეფიციტმა და იარაღის საწყობების დაუცველობამ შეანელა მისი სვლა დასავლეთისკენ. ორივე მხარე დაინტერესებულია, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს", – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ბაიდენის ადმინისტრაციას სხვა გეგმები აქვს. ის ფსონს დებს იმაზე, რომ ტანკების მიწოდებით მას შეუძლია, გააუმჯობესოს უკრაინის მიერ ომის მოგების შანსები. იდეა ისტორიის სწრაფად გადახვევაა – პირველი მსოფლიო ომის პოზიციური ბრძოლებიდან მეორე მსოფლიო ომის მოძრაობის ბრძოლებამდე. ეს სარწმუნო სტრატეგიაა: ოთხმოცი წლის წინ, ჰიტლერისა და სტალინის ტანკებმა მოახდინეს რევოლუცია ომში, იმ ტერიტორიიდან არცთუ ისე შორს, სადაც დღეს იბრძვიან. მაგრამ ბაიდენის სტრატეგიას ცუდი სახელი აქვს: ესკალაცია. გარკვეული მომენტის შემდეგ, აშშ აღარ "ეხმარება" უკრაინელებს, როგორც ამას აკეთებდა ავღანელი მოჯაჰედების მიმართ ცივი ომის დროს. ის ანაცვლებს უკრაინას როგორც რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე. ძნელი სათქმელია, როდის მიაღწევს ამ წერტილს ან უკვე მიაღწია თუ არა მას. ვისთან ომობს რუსეთი – უკრაინასთან თუ შეერთებულ შტატებთან? რუსეთმა დაიწყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ვინ დაიწყო ომი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის?" – წერია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის როლი ომში ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე უკრაინის ამა თუ იმ "მოთხოვნაზე" რეაგირება.

"Abrams-ის ტანკებს ესაჭიროება გამოცდილი ტექნიკოსები ტრენინგისა და შეკეთებისთვის. მიიყვანენ თუ არა ამ ტექნიკოსებს ბრძოლის ველზე შეერთებული შტატებიდან? მაშინ გვექნება ანალოგიური სიტუაცია, რაც ვიეტნამში მოხდა "ინსტრუქტორების" შეყვანით 60-იანი წლების დასაწყისში. "ეს არ არის შეტევითი საფრთხე რუსეთისთვის", – თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა Abrams-ის ტანკების მიწოდებაზე. მას [ბაიდენს] აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ამას, ალბათ, რუსეთის ხელმძღვანელობა არ იზიარებს", – ნათქვამია სტატიაში.

"ბევრი ამერიკელი პუტინს აღწერს როგორც "ბარბაროსს", ხოლო უკრაინაში მის შეჭრას – როგორც "აგრესიის ომს". თავის მხრივ, რუსები ამბობენ, რომ ეს არის ომი, რომელშიც რუსეთი იბრძვის გადარჩენისთვის და შეერთებული შტატების წინააღმდეგ უსამართლო გლობალურ წესრიგში, რომელშიც შეერთებული შტატები სარგებლობს დაუმსახურებელი პრივილეგიებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ომი, თავისი არსით, არ არის ღირებულებების შეჯახება. ეს არის კლასიკური სახელმწიფოთაშორისი ომი ტერიტორიისა და ძალაუფლების გამო, რომელიც ხდება იმპერიებს შორის საზღვარზე. ამ დაპირისპირებაში პუტინს და მის რუსეთს უკან დახევის ნაკლები კარგი ვარიანტები აქვთ, ვიდრე ამას ამერიკელი პოლიტიკოსები აცნობიერებენ და მეტი სტიმული აქვს, რომ მიჰყვეს შეერთებულ შტატებს ესკალაციის კიბეზე", – აღნიშნულია სტატიაში.

დღის გადაცემები