04.05.2024 | 05:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
წყნარი ოკეანის ნაგვის დიდ ლაქაში საკუთარი ეკოსისტემა ყალიბდება

წყნარ ოკეანეში არსებული "ნაგვის დიდი ლაქა" — პლასტმასის ნარჩენების გიგანტური გროვა, ცალკე ეკოსისტემის წარმოქმნას იწყებს, ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

"წყნარი ოკეანის ნაგვის დიდი ლაქა" (Great Pacific Garbage Patch) — ეს დაახლოებით 1,5 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობია კალიფორნიის სანაპიროსა და ჰავაის კუნძულებს შორის. ოკეანის დინებებს იქ წლების განმავლობაში შეაქვს მცურავი ნაგავი — უპირველეს ყოვლისა, პლასტმასის ნარჩენები. სავარაუდოდ, ამ დროისათვის ლაქა დაახლოებით ასი ათასი ტონა ნაგავს შეიცავს. როგორც მეცნიერთა კვლევაშია ნათქვამი, პლასტმასის ნარჩენების ზედაპირზე 40-ზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმი, წყალმცენარეები, პლანქტონი და ზღვის წვრილი ცხოველებია (როგორიცაა პოლიპები და კიბორჩხალები) აღმოჩენილი. ამასთან მათი უმეტესობა იმ სახეობებს განეკუთვნება, რომლებიც, როგორც წესი, სანაპირო ზოლში ბინადრობენ. მკვლევარები არ ელოდნენ, რომ მათ სანაპიროდან ესოდენ შორს გადააწყდებოდნენ. სტატიის ერთ-ერთის ავტორის, ეკოლოგ ლინსი ჰარამი თქმით, ლაქაში ზღვისპირა სახეობები ღრმაწყლოვან სახეობებთან თანაარსებობენ.

"სავარაუდოდ, ისინი კონკურენციას უწევენ ერთმანეთს სივრცისა და საკვები რესურსებისთვის. ორივე სახეობა ეჩვევა მათთვის ახალ საკვებს. რას მოიტანს ეს მომავალში, უცნობია", — აღნიშნა ჰარამმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ "ნაგვის ლაქაში" ახალი ტიპის ბიოლოგიური გარემო ფორმირდება. არსებული მონაცემებით, კაცობრიობა ყოველწლიურად დაახლოებით 400 მილიონ ტონა პლასტმასის ნარჩენს აწარმოებს, საიდანაც, სხვადასხვა შეფასებით, 9-14 მილიონი ტონა ოკეანეში ხვდება. პლასტმასის მიკრონაწილაკები ასევე ხვდება სასმელ წყალსა და საკვებში. სამი წლის წინ მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ადამიანი კვირაში საშუალოდ ერთ პლასტიკურ საბანკო ბარათს "ჭამს". 2022 წლის მარტში კი პლასტმასის მიკრონაწილაკები პირველად აღმოაჩინეს ადამიანის სისხლშიც.

 

დღის გადაცემები