29.04.2024 | 03:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი 12 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს

თსუ-ს სტუდენტთა ნაწილი 12 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს

სტუდენტები მოითხოვენ, რომ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი, რომლითაც აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრით ირჩევს.

როგორც "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენელმა, საბა ქერქაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნაა ასევე, რომ აკადემიური საბჭო დაიშალოს, აშენდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და სახელმწიფომ დააწესოს საბინაო სუბსიდია სტუდენტებისთვის.

"უკვე თვეებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო მუხტი არსებობს და ის იმ სხვადასხვა სოციალურ პრობლემას უკავშირდებოდა, რომელიც სტუდენტებს აწუხებთ. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა თვეების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის გადადგომა იყო, რადგან მისი დამოკიდებულება აკადემიური და სამეცნიერო სივრცისადმი შესაბამისი არ იყო. მისი საქმიანობა სტუდენტების სოციალური პრობლემების მოგვარებას არ უკავშირდებოდა, რის გამოც მის გადადგომას მოვითხოვდით. გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა დატოვა, მაგრამ დღეს დიდი ბრძოლა არის გამართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად. მაგალითად, გუშინ ჯაბა სამუშიას გვერდზე მილოცვების კასკადი იყო. ნათესავები, ახლობლები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები მას რექტორად დანიშვნას ულოცავდნენ, რაც აბსურდია, რადგან ის უნდა აირჩეს. სრულიად ლეგიტიმურად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მის კანდიდატურაზე საუბარი იყო. ჩვენ, სანამ ეს ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება, საპროტესტო გამოსვლებს ვიწებთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტის ავტონომია დავიცვათ, რადგან ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ვითხოვთ, რომ აკადემიური საბჭო დაიშალოს, რადგან ეს არის ის ორგანო, რომელმაც რექტორი უნდა აირჩიოს. ჯაბა სამუშია, როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული კანდიდატი, შესაძლებელია იყოს ხელისუფლების მხრიდან აკადემიურ საბჭოზე ზეწოლის ობიექტი. ჩვენ ვიცით, რომ წინა და დღევანდელი ხელისუფლება, თუნდაც გიორგი შარვაშიძის სახით, სისტემიდან გზავნის სხვადასხვა კადრებს იმისთვის, რომ უნივერსიტეტში სხვადასხვა სტუდენტური საპროტესტო ტალღა ჩაახშოს. ეს არის ნაცადი ტენდენცია, საქართველოში ყველა ხელისუფალი ამ მეთოდს იყენებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სტუდენტური აქტივიზმის კონტროლი შესაძლებელი გახდება. არსებობს იმის საშიშროება, რომ თსუ-ს ავტონომია შეიზღუდოს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ ყოველთვის დგას. ვფიქრობთ, რომ დღეს, სტუდენტების მოვალეობაა, ავტონომია დავიცვათ და ის პრობლემები გავაჟღეროთ, რომელიც უნივერსიტეტსა და სახელმწიფოში არის",- განაცხადა საბა ქერქაძემ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიკავებს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას, მთავარია, ის სისტემური გაუმართაობა აღმოიფხვრას, რომელიც უნივერსიტეტში რექტორის დანიშვნას ეხება.

"უნდა მივიღოთ სამართლიანი და დემოკრატიული წესი, რის შედეგადაც თსუ-ში ახალი რექტორი იქნება მეტად ლეგიტიმური, ვიდრე არსებულ პირობებში", - განაცხადა ქერქაძემ.

მან სტუდენტების საჭიროებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ააშენოს, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სტუდენტების მძიმე ცხოვრებას.

"სამწუხაროდ, დღეს უნივერსიტეტში ისეთი რეალობა გვაქვს შექმნილი, რომ სტუდენტებს სწავლაში ხელი ეშლებათ. ეს გამოიხატება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ და ფუნდამენტურ მოთხოვნაში, რომ საერთო სტუდენტური საცხოვრებელი აშენდეს. საერთო სტუდენტური საცხოვრებლის აშენებამდე, უნდა მოხდეს საბინაო სუბსიდია. სახელმწიფომ ბიუჯეტიდან უნდა გამოყოს თანხა იმისთვის, რომ სტუდენტებს საბინაო კრიზისის დროს დაეხმარონ. დღეს სტუდენტები იბრძვიან უნივერსიტეტის ავტონომიისთვის, უკეთესი სოციალური პოლიტიკისთვის, სტუდენტური საცხოვრებლისთვის. ამ საპროტესტო ტალღამ შესაძლოა სასწავლო პროცესის შეჩერება გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ არის სტუდენტების სუბიექტური მიზანი, ეს არის იმ ობიექტურ გარემოებებზე პასუხი, რასაც დღეს სახელმწიფოსა და უნივერსიტეტში გვიქმნიან", - განაცხადა საბა ქერქაძემ.

"მაისის სტუდენტური მოძრაობა" საპროტესტო აქციებს მანამდე აანონსებს, სანამ სტუდენტების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"პროტესტს და სისტემისადმი დისკომფორტის შექმნას მანამდე გავაგრძელებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. ამისთვის, ოთხშაბათს, 14:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც სტუდენტები შეიკრიბებიან და არსებულ რეალობას გააპროტესტებენ. თუ საჭირო გახდება, ვაპირებთ, ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკას მივმართოთ, რაც პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ სისტემას დისკომფორტი შევუქმნათ და ვაიძულოთ სტუდენტების საჭიროებები დააკმაყოფილოს", - განაცხადა ქერქაძემ.

დღის გადაცემები